logo
ENG



"ორივე პუტინისთვის მთავარი მტრები ვართ" - სააკაშვილი ნავალნის პასუხობს

15 აპრ 202321:28
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/15/b5x9zsyc759n0rk.jpg

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუს ოპოზიციონერს ალექსეი ნავალნის პასუხობს.

სააკაშვილი წერს, რომ ნავალნისთან ორი რამ აერთიანებს: კორუფციის სიძულვილი და ის რომ, "ორივე, ვლადიმერ პუტინის მთავარი მტრები არიან".

"ალექსეი ნავალნისთან, ჩემი ღრმა რწმენით, იმის მომავალ პრეზიდენტთან, რაც მოკლე დროში დარჩება რუსეთისგან, მე ორი მომენტი მაერთიანებს: ის, რომ ჩვენთვის, ორივესთვის, ერთნაირად მიუღებელია კორუფცია, და ის, რომ ჩვენ, ორივე, ვლადიმერ პუტინისთვის მთავარი მტრები ვართ. ვუსურვებ ალექსეის გადარჩენას, თავისუფლებაზე გამოსვლას და სასურველი მიზნის მიღწევას", - წერს სააკაშვილი Facebook-ზე.

 

13 აპრილს რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საპატიმროდან წერილი გამოაქვეყნა. მან თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა ხელს უშლის საქართველოს ევროპულ მომავალს. ნავალნიმ აღნიშნა, რომ ყველაზე სწორი იქნებოდა მიხეილ სააკაშვილის პირობითი სასჯელით სამკურნალოდ გათავისუფლება. მან მოუწოდა ხელისუფლებას, გადადგას ნაბიჯი "ქრისტიანული წყალობისა და მშვიდობის დამყარების სულისკვეთებით".

***

ალექსეი ნავალნი უკვე ათწლეულზე მეტია, რაც რუსეთის მთავარი ოპოზიციური ლიდერია და კორუფციისა და კრემლის მხრიდან ადამიანის უფლებათა შელახვის წინააღმდეგ ბრძოლითაა ცნობილი. ნავალნი ახლა პატიმრობაშია და სასჯელს რუსეთში, იძულებითი შრომის კოლონიაში იხდის.

აღსანიშნავია, რომ ალექსეი ნავალნი 2020 წლის აგვისტოში მოწამლეს. მან გამოსაჯანმრთელებლად რამდენიმე თვე ბერლინში გაატარა. 2021 წლის იანვარში კი ის მოსკოვში დაბრუნებისთანავე დააპატიმრეს. ნავალნის საპატიმროში კიდევ 2 წელზე მეტი დარჩა. მან 2021 წლის მარტში ხანგრძლივი შიმშილობა დაიწყო, რითაც სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის შეზღუდვა გააპროტესტა.

ევროპარლამენტარებმა 2021 წლის იანვარში რეზოლუცია შეადგინეს, რითაც ნავალნისა და სხვა პატიმრობაში მყოფი აქტივისტების მყისიერი და უპირობო გათავისუფლება მოითხოვეს. ამის გარდა რეზოლუცია ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაზრდასაც ითვალისწინებდა. ეს მოთხოვნა ევროპარლამენტმა 2021 წლის აპრილშიც გაიმეორა.


close დახურვა